8 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებული რეკრეაციული პარკი გაიხსნა!
მთავარი » 8 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებული რეკრეაციული პარკი გაიხსნა!
9 ოქტომბერს, რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული ჰოლდინგის „AS Group Investment“-ის შვილობილმა კომპანიამ – „ას ჯორჯიამ“, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტის, 8 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებული რეკრეაციული პარკის მშენებლობა დაასრულა და საზეიმოდ გახსნა.
პარკში, რომელსაც ინვესტორმა სიმბოლურად „ერთობა“ უწოდა, 10 000-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგო. პარკის სივრცე აერთიანებს 2 კმ-მდე სიგრძის ბულვარს, 5 კმ-ზე მეტი სიგრძის ველობილიკს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, სხვადასხვა ასაკის ადამიანის ინტერესებზე მორგებულ გასართობ და დასასვენებელ ზონებს, ასევე შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სივრცეს.
თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი არაჩვეულებრივი გარემო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, უპასუხოს გარემოსდაცვით გამოწვევებს და წვლილი შეიტანოს ქალაქის ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაში. მსგავსი მასშტაბის პარკის არსებობა მნიშვნელოვანია, როგორც ისანი-სამგორის რაიონის მცხოვრებთათვის, ასევე მთელი ქალაქისთვის.
„AS Group Investment“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და წამყვანი დეველოპერული ჰოლდინგია, რომელმაც ქართულ ბაზარზე 250 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა, მათ შორისაა გრანდიოზული პარკის პროექტიც, რომლის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენს.